რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის ფარული ჩანაწერები გავრცელდა

14 სექტემბერი, 2016 |

2016 წლის 14 სექტემბერს ინტერნეტში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფარული სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ იმ წევრთა პოზიციის გამო საყვედურობს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავენ.

 

ვიდეორგოლი, სახელწოდებით "Ника Гварамия контролирует "независимых" политиков"» (ნიკა გვარამია «დამოუკიდებელ» პოლიტიკოსებს აკონტროლებს) 2016 წლის 13 სექტემბერს Youtube-ზე რუსულენოვან ვებ-გვერდის Creative Georgia News-ის სახელით არის ატვირთული.  Amnesty International Data Viewer-ზე გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ მასალა Youtube-ზე 13 სექტემბერს 23:16:58 სთ-ზე აიტვირთა, რაც საქართველოს დროით 14 სექტემბრის 03:16:58 სთ იყო.

 

14 სექტემბრის დილით (03:16:58 სთ) ატვირთული ეს ჩანაწერი ქართული ონლაინ მედია საშუალებებიდან პირველად სააგენტო რეპორტიორმა 14 სექტემბერს 11:07 სთზე გაავრცელა. როგორც ქვემოთ მოცემული ცხრილი უჩვენებს, თითქმის დროის იმავე შუალედში ფარული ჩანაწერი პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა შემავალმა გამოცემებმა (Plitratv.ge, ამბები.ge და ინტერპრესნიუსმა) შემდეგი თანმიმდევრობით განათავსეს:

მედია საშუალება ფარული ჩანაწერის გავრცელების დრო
რეპორტიორი11:07
Palitratv.ge12.02
ამბები.ge12.05
ინტერპრესნიუსი12.33

აღსანიშნავია, რომ ამბები.ge-ზე ჩანაწერის გაშიფრული ტრანსკრიპტი ქართულ ენაზე დაიდო (12.05), ხოლო ამბები.ge-სა და ინტერპრესნიუსსზე ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას ფეისბუკ კომენტარიც იყო გამოქვეყნებული.

რაც შეეხება Creative Georgia News -ს Youtube არხს, აქ მხოლოდ 1 ჩანაწერია ატვირთული, ხოლო იმავე სახელწოდების ვებ-პორტალზე განთავსებულია 2015 წლის ნოემბერში გავრცელებული ადრინდელი ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ნიკა გვარამიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საუბარს ასახავს. Creative Georgia News -ის ვებ-გვერდზე დეკლარირებულ მისიაში აღნიშნულია, რომ ის რუსეთსა და სნგ-ში მომუშავე ჟურნალისტთა ჯგუფის ინიციატივით არის შექმნილი და იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესები.

გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ვებ-გვერდის მესაკუთრედ რუსეთში რეგისტრირებული კერძო პირი  ზუხრა ბოლატჩიევაა მითითებული, ხოლო მფლობელი ქვეყანა დაფარულია. ვების ლოკაციის ადგილად გერმანიაა მითითებული, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მისი ლოკაციის ადგილი შესაძლოა რუსეთში იყოს. საიტი ანონიმურ სერვერს იყენებს, რის გამოც მისი რეალური მფლობელის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 


სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის   კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვების და გავრცელების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) მიმდინარეობს.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა.  ამასთანავე, ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა.