რატომ არ ასაჯაროებს მარეგულირებელი მაუწყებელთა ფინანსურ შემოსავლებს?

26 სექტემბერი, 2017 | ფინანსური გამჭვირვალობა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდის ანალიტიკურ პორტალზე მონაცემები მაუწყებელთა ფინანსური შემოსავლების შესახებ 2017 წლის 29 მარტის შემდეგ არ განახლებულა (26 სექტემბრის მდგომარეობით). მარეგულლირებელი კომისია მაუწყებლობის შესახებ კანონს არღვევს, როდესაც საჯაროს არ ხდის ინფორმაციას  მაუწყებელთა 2017 წლის I და II კვარტლის (იანვარი-ივნისი)  ფინანსური შემოსავლების შესახებ, რაც კანონდმებლობით განსაზღვრული ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის უგულვებელყოფაცაა.

კომისიის ვებ გვერდზე განთავსებული განმარტების მიხედვით:

“2017 წლის პირველ კვარტალში რიგი მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემები სტრუქტურულად არსებითად განსხვავდება ისტორიული მონაცემებისგან, რის გამოც მიმდინარეობს აღნიშნული ცვლილების მიზეზების გამოკვლევა/მონაცემების დაზუსტება და მონაცემების გამოქვეყნება დროებით შეჩერებულია”.

II კვარტალის ფინანსურ მონაცემებზე კი მარეგულირებელს ინფორმაცია ვებ-გვერდზე მითითებული საერთოდ არ აქვს.

მაუწყებლის შესახებ კანონის 70/4 მუხლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები, კომისიამ კი ანგარიშგების ფორმები მიღებიდან 7 დღეში  უნდა გამოქვეყნოს ( მაუწყებლის შესახებ კანონის 70/4 1მუხლი).

  • შესაბამისად, კომისიის მიერ 2017 წლის I კვარტლის მონაცემები ანალიტიკურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო არაუგვიანეს 22 აპრილისა, ხოლო II კვარტლის მონაცემები - არაუგვიანეს 22 ივლისისა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 70/5 მუხლის მიხედვით,  მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ინფორმაციის მიუწოდებლობად  ითვლება. ამ დრომდე, კომისიის მიერ არც მაუწყებლების გამოუქვეყნებელ ფინანსურ მონაცემებთან დაკავშირებული გამოკვლევის შედეგებზე გაკეთებულა განმარტება.

მედიის განვითარების ფონდი, კომისიის ანალიტიკურ ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემთა ბაზის საფუძველზე ყოველწლიურად (2015 წლიდან) ამზადებს კვლევებს მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე. მონიტორინგის პერიოდებში იყო შემთხვევები, როდესაც ცალკეულმა მაუწყებლებმა კომისიას ფინანსური ანგარიშგების ფორმები დაგვიანებით წარუდგინეს. ასეთ დროს, კომისიის შესაბამისი დეპარტამენტი სხვა ყველა მაუწყებლის მონაცემებს კანონით განსაზღვრულ ვადებში აქვეყნებდა. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველა მაუწყებლის მიერ ერთდროულად მონაცემების არასწორად შევსება ბადებს კითხვის ნიშნებს, რამ გამოიწვია ასეთი ცდომილება. აღსანიშნავია ისიც, რომ მაუწყებლები ფინანსურ დეკლარაციებს 2013 წლიდან ავსებენ.

მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან საჯარო ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევის მიზეზების შესახებ 2017 წლის 19 სექტემბერს გამოითხოვა.

მარიამ პატარიძე