პრო-სახელისუფლებო ტროლები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

9 ნოემბერი, 2018 |

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სოციალურ ქსელებში პრო-სახელისუფლებო ტროლებისა მობილიზება შეინიშნება. ტროლების მესიჯბოქსი იდენტურია: ხელისუფლების ნაბიჯების შექება, პრო-სახელისუფლებო პოსტების დალაიქება/დაგულვა და სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა.

ერთ-ერთი უახლესი მაგალითი ოთარ ფარცხალაძის დაკავების საკითხს უკავშირდება. 2018 წლის 6 ნოემბერს იმედინიუსმა, ნეტგაზეთმა და On.ge-მ საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძეს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. სამივე მედია საშუალების ფეისბუქ გვერდზე ამ კონკრეტული პოსტის ქვეშ პრო-სახელისუფლებო ტროლები მობილიზდნენ. ამასთან, სამივე პოსტზე ერთი და იგივე ტროლები იდენტურ გზავნილს ტოვებდნენ, შინაარსით “დაუსჯელი არავინ დარჩება.”

მას შემდეგ, რაც ფეისბუქის მომხმარებლებმა ტროლების იდენტიფიცირება მოახდინეს, პრო-სახელისუფლებო ტროლების კომენტარები გაქრა, თუმცა მათი მობილიზება და იდენტური გზავნილები სქრინებმა შემოინახეს.

გავაანალიზოთ კომენტარის ერთ-ერთი ავტორის Mariam Abuladze-ის პროფილი.

1. თაიმლაინის აქტივობა

მარიამ აბულაძის თაიმლაინზე მხოლოდ 9 აქტივობა ფიქსირდება. აქედან ყველაზე ძველი პოსტი 2010 წლის 9 ივლისთ თარიღდება და პროფილის ფოტოს განახლებას ასახავს. თარიღის მიუხედავად 2010 წელს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ 5 დღის წინანდელი ორი კომენტარია დატოვებული, რომლებიც ასევე ყალბ ანგარიშს ეკუთვნის.

აბულაძეს 2018 წლის 2 ნოემბერს თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა აქვს გაზიარებული.

2. ფოტოები

აბულაძის ფოტო ალბომებში მხოლოდ 6 ფოტო იძებნება. 3 პროფილის ფოტოების, 3 კი cover ფოტოების ალბომშია გამოქვეყნებული.

ამ ფოტოებიდან არცერთი ახდენს აბულაძის იდენტიფიცირებას და ისინი სხვადასხვა პლატფორმებზე იძებნება.

3. ღონისძიებები

აბულაძის პროფილის ღონისძიებების სექციაში ორი ღონისძიება ჩანს, რომლებიც “სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის” გასაპროტესტებლად 2018 წლის 4 და 7 ნოემბერს დაორგანიზდა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ამტკიცებს, რომ ეს პროფილი ყალბია და ფეისბუქზე პრო-სახელისუფლები გზავნილების გავრცელების მიზნით შეიქმნა.

რეაგირება პოსტებზე: ე.წ. დალაიქება და დაგულვა

ტროლების მობილიზებას მხოლოდ კომენტარების ველში არ ვხვდებით. ტროლები პრო-სახელისუფლებო ინფორმაციულ პოსტებზე ან სახელისუფლებო გვერდების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე დადებითი რეაგირებისთვისაც გამოიყენება. ტროლების გარდა ხშირია ინტერაქციისათვის ფეისბუქ გვერდების გამოყენებაც. უმეტეს შემთხვევაში ასეთი გვერდები კონრეტულ პოსტზე რეაგირების მიზნით იქმნება და შესაძლოა ერთი ადმინისტრატორის მიერ იმართებოდეს.

მაგალითად, 2018 წლის 5 ნოემბერს “ქართული ოცნების” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მიმართვა. ვიდეო მიმართვას ჯამში 5.1 K რეაგირება აქვს, აქედან 4 ათასი “მოწონება”, 347 კი “გულია”, მათ რიგებში ვხვდებით გვერდებსაც და ტროლებსაც.

ტროლების გარდა ბოტებსაც ხშირად იყენებენ, რომლებიც ტროლებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ბოტები ავტომატურად გენერირებული ანგარიშებია და მათ უკან რეალური პიროვნებები არ დგანან. ბოტების მოწონებების ყიდვის ყველაზე გახმაურებული ისტორია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტს უკავშირდება, რომელზეც დადებით რეაგირებას უცხოური სახელის მქონე ანგარიშები ახდენდნენ.


სოფო გელავა