პირველი არხის მანიპულაცია საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვის შესახებ

16 აპრილი, 2018 | სარედაქციო პოლიტიკა

 

2018 წლის 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის  გადაცემა „ახალი კვირის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „ქართული ჰიჯაბი”, რომელიც ქართველი მუსლიმი ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების არჩევანს ეხებოდა.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანს, იმედა დარსალიას, საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს  და აცხადებს:

 

„მუსლიმი ქალის მიერ თმის დაფარვა მუსლიმთა წმინდა წიგნის ყურანის რამდენიმე სურას ეფუძნება, სადაც ისლამის მიმდევრების ჩაცმულობაზეა საუბარი, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებამ რელიგიური ექსტრემიზმის შიშით, ჰიჯაბის ეგრეთწოდებული თავსაბურავის ტარება სკოლებში ჯერ კიდევ 2004 წელს აკრძალა, მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ჰიჯაბი პიროვნების იდენტიფიცირებას ხელს უშლის“.

წამყვანის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია, რომელიც აუდიტორიას თავიდანვე ნეგატიურად განწყობს გასაშუქებელი თემის მიმართ, ფაქტობრივ უზუსტობებს და არასრულ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ:

  1. საფრანგეთის მთავრობის 2004 წლის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში აიკრძალა არა მხოლოდ ისლამის, არამედ ყველა რელიგიის ატრიბუტიკის ტარება მათ შორის ქრისტიანული, იუდეური, სიქხური  და სხვა, რაც მოტივირებული იყო არა „რელიგიური ექსტრემიზმის შიშით“, არამედ განათლების სისტემაში სეკულარიზმის პრინციპის გამყარებას და სასკოლო სივრცის პროზელიტიზმისგან დაცვას ემსახურებოდა.
  2. ასევე არასწორია წამყვანის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულმა ინსტანციამ 2010 წელს მხარი დაუჭირა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საჯარო სივრცეში აიკრძალოს იმ ჩაცმულობისა და აქსესუარების ტარება, რომელიც პიროვნების სახეს ფარავს, შესაბამისად, ხელს უშლის მის იდენტიფიცირებას. ისლამური რელიგიური ატრიბუტებიდან აღნიშნულ აკრძალვას ექვემდებარება არა ჰიჯაბი (ჩადრი), როგორც ამას წამყვანი აცხადებს არამედ ნიქაბი და ბურქა.

საფრანგეთის საჯარო სივრცეებში რელიგიური ატრიბუტიკის საკითხს წამყვანი მაყურებელს მანიპულაციურად აწვდის. ის არასრულფასოვნად განიხილავს საფრანგეთში აღნიშნული კანონის მიღების მოტივს და სეკულარული პრინციპების დაცვას მუსლიმთა წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკად განიხილავს, რასაც თავის მხრივ, რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეებს უკავშირებს.