PIA-ს მიერ Reuter-ის ინფორმაციით მანიპულირება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

8 ოქტომბერი, 2016 |

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას (17:16 სთ) სააგენტო PIA-მ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არჩევნებში სავარაუდოდ ქართული ოცნება იმარჯვებდა (სათაური: არჩევნებში, სავარაუდოდ, "ქართული ოცნება" იმარჯვებს - Reuters).

PIA-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის სათაური მანიპულაციურია და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რადგან ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი არჩევნების რეალურ შედეგებს ასახავს და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, როგორც ეს Reuters-ის მასალაშია აღნიშნული.  მართალია, ინფორმაციის ტექსტში სააგენტო  PIA-ც აღნიშნავს,  რომ ქართული ოცნების უპირატესობა საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეფუძნება და რომ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობაც მაღალია, მაგრამ მასალის სათაური ტექსტის შინაარსისგან განსხვავებულია.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო Reuters-მა მასალა სათაურით “არჩევნები პოსტ-საბჭოთა საქართველოში ძალადობის შემდეგ სტაბილურობის ტესტად აღიქმება” 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სააგენტო PIA-მ კი არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს. ამასთანავე, ქართულ სააგენტოს Reuters-ის სათაურიც არასწორად, შეცდომაში შემყვანად აქვს თარგმნილი, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, სადაც წინასაარჩევნო ძალადობა სათაურში საერთოდ არ ფიგურირებს.
 

Reuters

PIA

 

“არჩევნები პოსტ-საბჭოთა საქართველოში ძალადობის შემდეგ სტაბილურობის ტესტად აღიქმება”


 

“საქართველოში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები "სტაბილურობის ტესტს" ნიშნავს”.