PIA-მ ბახალას შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალა დაფინანსებულის ნიშნით გაავრცელა

26 იანვარი, 2018 | სარედაქციო პოლიტიკა

2018 წლის 26 იანვარს საინფორმაციო სააგენტო PIA-მ  For.ge-ზე დაყრდნობით,  გამოაქვეყნა მასალა, სახელწოდებით ,,სკანდალური დოკუმენტი – ოქმი, რომელშიც „ბახალა“ აღიარებს 45 აბი სუბუტექსის ქონას”. PIA-ს ვერსია დაფინანსებულის ამსახველი ნიშნით - NS (News from Subscribers-დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია) გამოქვეყნდა.

მედიის განვითარების ფონდი დაუკავშირდა PIA-ს და სთხოვა დაეზუსტებინა, ვინ მიაწოდა სააგენტოს აღნიშნული მასალა. რდაქციაში ინფორმაციის დაზუსტებას და მოწოდებას დაგვპირდნენ, რომელსაც ჩვენ ამ მასალას მიღებისთანავე დავურთავთ.

მედიის განვითარების ფონდის კვლევების თანახმად,  2015-2017 წლებში სააგენტო PIA-სთან და მასთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცემებთან საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით 237 794 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. ამავე კვლევების თანახმად, PIA, ასევე სხვა სააგენტოები, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში გამოქვეყნებულ მასალებზე ყოველთვის ან საერთოდ არ უთითებდნენ, რომ პუბლიკაციის შინაარსი დაფინანსებული იყო და სარედაქციო მასალას არ წარმოადგენდა, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას იწვევდა.

PIA-ს შეცდომაში შემყვანი და For-ge-ს მანიპულაციური სათაური

PIA-ზე განთავსებული სტატიის სათაური შეცდომაში შემყვანია და მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს საქმეში მსაჯვრდებული გიორგი გიორგანაშვილის (,,ბახალას”) აღიარებითი ჩვენება არსებობს. რეალურად გამოქვეყნებული დოკუმენტი (ოქმი N040240117065)  გამოძიების ეტაპზე შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმია, რომელსაც მსჯავრდებულის ხელმოწერა ახლავს.  ოქმის შედგენის პროცედურა და კანონიერება კი დაცვის მხარის მიერ იყო გასაჩივრებული .

როგორც PIA, ასევე For.ge ავითარებენ აზრს, რომ არასამთავრობო სექტორი ნარკოტიკების ბარიგის დაცვას ახდენს, გიორგი გიორგანაშვილის ნარკობარიგად გამოცხადება კი ზემოთხსენებული ოქმის საფუძველზე ხდება. PIA-ს მასალის შესავალ ნაწილში არა მხოლო გიორგი გიორგანაშვილის დამნაშავედ გამოცხადება, არამედ არასამთავრობო სექტორის და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” ნარკოტიკების გამსაღებლის დამცველად წარმოჩენა ხდება:

„ყველა ერთისთვის“ - ამ ლოზუნგით მოძრაობა „თეთრი ხმაური“ და არასამთავრობო სექტორი არსებულ ნარკოპოლიტიკას და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაკავებას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებს.

იდენტური გზავნილი FOR.GE-ს სათაურშიც ფიგურირებს „ბახალა“ 45 აბი სუბუტექსის ქონას აღიარებს, ენჯეოები მის დაკავებას აპროტესტებენ“.

2018 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით,  გიორგი გიორგანაშვილმა, თურქეთიდან 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი სუბოტექსი თურქეთიდან რეანობილით შემოატანინა. ბრალდების მხარე კი ბახალას, როგორც ჩხრეკის ოქმშია მითითებული,  ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.  

2018 წლის 23 იანვარს გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.