ფასიანი პასუხის უფლება ბურჭულაძის პარტიისთვის IPN-ზე

27 ოქტომბერი, 2016 |

ბალანსი/ფასიანი სტატიების პრაქტიკა. IPN დამკვიდრებული აქვს მოვლენათა გაშუქების პრაქტიკა, როცა ფაქტობრივი ინფორმაციის გაშუქება მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, ამ წყაროს გადამოწმების გარეშე ხდება. მართალია, შემდეგ ინფორმაციებში სააგენტო მეორე მხარის პოზიციის გაშუქებასაც ახდენს, თუმცა ეს მიდგომა ყოველთვის ვერ ახდენს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ფაქტის დაბალანსებას.

მაგალითად, 20 აგვისტოს 14:33 წუთზე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: „პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ფოთის ორგანიზაციის 50-მდე წევრმა დატოვა“. სააგენტო მტკიცებით ფორმაში გვაწვდის ინფორმაციას პარტიის 50 წევრის მიერ დატოვების ფაქტის შესახებ მაშინ, როცა ინფორმაციის წყარო მხოლოდ ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია. სააგენტომ ინფორმაცია პარტიასთან გადამოწმების, ან დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაავრცელა.

ამ ფაქტის უარყოფა და შეფასება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის მიერ სააგენტომ სათაურით „ კოტე კემულარია - ფოთში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ არა 50 კაცმა, არამედ ოთხმა აქტივისტმა დატოვა“ გაავრცელა 19:57 წუთზე, ანუ დღის ბოლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში სათაურშივეა მინიშნებული ინფორმაციის წყარო, განსხვავებით პირველი შემთხვევისა, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს მხარის პოზიციაა. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებულია (NS) ნიშნით, რაც რეკლამის, ანუ დაფინანსებული მასალის ნიშანია. შესაბამისად, სააგენტომ ერთი მხარის ინფორმაცია, ამასთან მტკიცებითი ფორმით გაავრცელა საინფორმაციო ფორმატით, მასზე გამოხმაურება კი - რეკლამის ფორმით, რაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მიდგომის პრინციპის დარღვევაა. გარდა ამისა, საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა, რეალურად რამდენმა წევრმა დატოვა პაატა ბურჭულაძის პარტია, რადგან ორივე მხარის ინფორმაცია ურთერთგამომრიცხავია და სხვა წყაროებთან ან დოკუმენტური დასაბუთების მოძიება ამ მიმართულებით სააგენტოს არ უცდია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წყაროზე (პარტიიდან გასული პირის ინფორმაციაზე) დაყრდნობით პაატა ბურჭულაძის მოძრაობის წევრების მიერ პარტიის დატოვების ფაქტი სააგენტომ 12-დან 23 აგვისტოს პერიოდში 9-ჯერ გააშუქა. მათ შორის ერთ-ერთი, 21 აგვისტოს, სათაურით „პაატა ბურჭულაძის პარტია ახალქალაქსა და ნინოწინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა“ სარეკლამო ნიშნით NS გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის ოპონენტმა დააფინანსა.