ფაქტობრივი უზუსტობა პირველ არხზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქების დროს

19 სექტემბერი, 2016 |

28 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანია გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ შესრულებული კვლევა გააშუქა. გაშუქების დროს ტელეკომპანიამ მთავარი აქცენტი კვლევის ჩამტარებელი კომპანიის არასანდოობაზე გააკეთა, რისთვისაც კომპანიის საქმიანობიდან მხოლოდ პრობლემური მაგალითები მოიყვანა (მაგალითად, ის, რომ 2012 წელს კომპანიის მიერ ჩატარებული 15 ეგზიტპოლების შედეგები არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს; ყირიმსა და თურქეთში შექმნილი სხვადასხვა პრობლემები).

ამას გარდა არასრულფასოვნად მოხდა კვლევის შედეგების გაშუქება. მაგალითად, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგები ისე დასახელდა, ("ქართული ოცნება" - 22,4%; "ნაციონალური მოძრაობა" - 21.7%; "სახელმწიფო ხალხისთვის" - 7.8%), რომ ჟურნალისტმა არ აღნიშნა, როგორი იყო იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც კითხვაზე „თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შემდეგი პასუხი გასცა: უარი განაცხადა (10%) ან აღნიშნა, რომ უჭირდა პასუხის გაცემა/გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა (19.4 %), ხმას არცერთ პარტიას არ აძლევდა (3.9%). გაშუქების დროს ტელეკომპანიას ასევე არ მოუწოდებია ინფორმაცია კვლევის ცდომილების ფარგლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია არსებითია შედეგების სრულფასოვანი აღქმისთვის.

ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:

„რაც შეეხება მეთოდოლოგიას და ვინ არის კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც საველე კვლევები ჩაატარა, უცნობია. რუსთავი2-ს ეს მონაცემი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. მხოლოდ ის გაასაჯაროვა, რომ ივნისში ჩატარდა და 2200 ადამიანი მონაწილეობდა.“

რუსთავი 2-ს მართლაც არ დაუსახელებია კვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელი, თუმცა სხვა მონაცემები, მათ შორის მეთოდოლოგიაც როგორც ტელევიზიით გააშუქა, ასევე ეს მონაცემები ვებ- გვერდზეც არის ხელმისაწვდომი, რითაც მაუწყებელმა არასწორი ინფრომაცია გაავრცელა.