მიკერძოების პრობლემა და ბალანსის დარღვევის შემთხვევა მაესტროზე

19 სექტემბერი, 2016 |

2 ივნისის მაესტროს სიუჟეტი „ბურჭულაძის ქონება“ (20:14 წუთი) საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესზე“ დაყრდნობით მომზადდა, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანია “ობიექტივის” თოქ-შოუს წამყვანის, ბონდო მძინარიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეყრდნობა. იმისდა მიუხედავად, რომ “მარშალპრესზე” გამოქვეყნებული მასალა სააგენტოს მიერ არ არის მოძიებული და გადამოწმებული, სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ “მარშალპრესმა” პაატა ბურჭულაძეს ქონება დაუთვალა, ხოლო პუბლიკაცია საჯარო რეესტრის ათობით დოკუმენტს ეფუძნება. კადრში ჩანს „მარშალპრესის“ სტატიის სათაური: „არიგებდა, ირიგებდა, ირგებდა“.

სატელევიზიო სიუჟეტში არ არის გადამოწმებული, თუ რამდენად რეალურია ფეისბუქ სტატუსში მოყვანილი ფაქტები, რომ ბურჭულაძე ათეულობით ქონებას ფლობს და რას ასახავს თანდართული საჯარო რეესტრის დოკუმენტები. ბალანსი ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან მოყვანილია მხოლოდ პაატა ბურჭულაძის კომენტარი, რომელიც აღნიშნავს, რომ არც მისი პირადობის მოწმობა, არც სახელი და გვარი არ ემთხვევა მასალაში მოყვანილ მონაცემებს. რედაქციას არ გადაუმოწმებია არც ბურჭულაძის აღნიშნული განცხადება, არც მარშალპრესის მასალაში მითითებული საჯარო რეესტრის დოკუმენტები, რომელთაგან ზოგიერთი რამდენჯერმე განმეორებით არის ატვირთული. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული საჯარო რეესტრის ერთ-ერთი დოკუმენტი კი არა საკუთრების ფლობას, არამედ თბილისის თვითმმართველი ერთეულისგან იჯარით სარგებლობის შემთხვევას ასახავს.

საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხის შემდეგ სიუჟეტის გაშლა სრულიად სხვა მიმართულებით - ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირების შესახებ ურთიერთბრალდებებზე - ხდება.