მაუწყებლების თვითრეგულირების გზამკვლევი

15 სექტემბერი, 2023

რა არეგულირებს სამაუწყებლო მედიაში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევებს?

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2009 წლის 12 მარტს  მაუწყებელთა ქცევის კოდექსი შეიმუშავა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ითვალისწინებს  სახელმძღვანელო რეკომენდაციებს სამაუწყებლო საქმიანობის პროცესში წარმოშობილი ეთიკური საკითხების გადასაწყვეტად, საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მაუწყებელი ქცევის კოდექსს არღვევს?

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ქცევის კოდექსის საფუძველზე, შემნას თვითრეგულირების ეფეტიანი მექანიზმი, რომელიც საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას უზრუნველყოფს. 

ვის აქვს გასაჩივრების უფლება? 

თვითრეგულირების ორგანოში გასაჩივრების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. 

ვინ არის დაინტერესებული პირი? 

კანონის თანახმად, დაინტერესებული პირი არის „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა“. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად კი, დაინტერესებული მხარე არის “ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში“.

თუკი სადავო საკითხი საჯარო ინტერესის სფეროს ეხება, დაინტერესებული პირის ცნება მაუწყებელმა შესაძლოა, გაცილებით ფართოდ განმარტოს. 

რა შემთხვევაში შეიძლება მოვითხოვოთ გავრცელებული ცნობების შესწორება ან უარყოფა?
 
დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში, უფლება აქვს, შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა მოსთხოვოს. 

რას ნიშნავს თანაზომადი საშუალებით და ფორმით უარყოფა?

შესწორება საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

რა უნდა იყოს მითითებული განცხადებაში?

შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პროგრამის დასახელებას, ეთერში გაშვების თარიღს და დროს, კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც მაუწყებელმა დაარღვია, დარღვევის სახეს და შინაარსს.

რა შემთხვევაში არ არის შესაძლებელი გასაჩივრება? 

შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ა) მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი არ არის; ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს. 

სად შეიძლება გასაჩივრება? 

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ქცევის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, განცხადებით მიმართოს მაუწყებელს. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე მიღება და  საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. 

შესაძლებელია თუ არა მაუწყებლის გადაწყვეტილების გასაჩივრება?

საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება. სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.