მანიპულაციური და არაზუსტი სათაურები სააგენტო პირველზე
ქართული ონლაინმედია არაზუსტი და მანიპულაციური სათაურების ნაკლებობას რომ არ განიცდის ამ ფაქტს არაერთი მედია მონიტორინგის შედეგი აჩვენებს.
მაშინ, როცა საინფორმაციო სააგენტოების ნაწილი ახალი ამბების სათაურებით მიზანმიმართულად მანიპულირებს მკითხველის ყურადღების მიპყრობისა თუ კონკრეტული მხარის დისკრედიტაციისთვის, მეორე ნაწილი ამ შეცდომებს არასათანადო ყურადღების, სიჩქარის, ყველაზე ცუდ შემთხვევებში კი, სტანდარტის უგულებელყოფის ან არცოდნის მიზეზით უშვებს. განსაკუთრებით დასაფიქრებელია შემთხვევები, რომლებსაც სხვებთან შედარებით უფრო მსხვილ და წონად ინტერნეტ სააგენტოებზე ვხვდებით.
ბოლო თვეების განმავლობაში სააგენტო პირველზე Pia.ge არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციური სათაურების გავრცელების გარკვეული ტენდენცია შეინიშნება.
30 მარტს სააგენტო პირველმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამგეობის წევრია“. მასალაში საუბარია ეკა გიგაურის მიერ „შპს "ფილიპ მორისი - საქართველოს" სასამართლო დავის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა დასკვნა აღნიშნული სასამართლო საქმის შესახებ და გიგაურმა განაცხადა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის“ 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს”. ამის საპირწონედ, მედიას სათაურში გამოაქვს კონტრბრალდება იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეაქვს და კრიტიკულ კითხვებს სვამს. ასეთი სახით გამოქვეყნებული სააგენტო პირველის ეს მასალა ტენდენციური გაშუქების მაგალითია. სტატიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის განიხილა სასამართლომ საკითხი, ვინ იყვნენ მხარეები, რა ეტაპზეა ამჟამად პროცესი და ა.შ. მედიამ ფოკუსირება მოახდინა არა იმ ფაქტზე, რომ ქვეყანაში სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, არამედ გამოაქვეყნა კონკრეტულ ადამიანზე აქცენტირებული მასალა, რითაც ერთგვარად გაიზიარა მოდავე მხარის “თბილისის თამბაქოს” პოზიცია, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დასკვნას “უარგუმენტოდ და დემაგოგიურად” მიიჩნევენ.
შეცდომაში შემყვანი სათაურის პრობლემას ვხვდებით 15 თებერვალს Pia.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პატრიარქის მდივანი თავის პირველ კომენტარში რუსეთთან კავშირებს უარყოფს“, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს პატრიარქის მდივან–რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში უარყოფს მიტროპოლიტის [პეტრე ცაავას] ბრალდებას, თითქოს ის რუსეთის საყრდენია საქართველოში და ქართულ ეკლესიაში“. შორენა თეთრუაშვილის „პირველი კომენტარი“, როგორც ამას სააგენტო სათაურში ამბობს, შემოიფარგლება სიტყვებით - "ეგ მე არ მეხება და ვიღაც სხვა ადამიანზეა საუბარი". საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ მასალაში, რომლითაც სააგენტო ხელმძღვანელობს, ნათელი ხდება, რომ შორენა თეთრუაშვილს ჟურნალისტისთვის ინტერვიუ არ მიუცია. კადრებში ჩანს, როგორ ადის ის საავადმყოფოს კიბეზე და ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას მიერ დასმული სამი შეკითხვიდან, სამივეზე პასუხობს, რომ „ეს მას არ ეხება“. ის საერთოდ არ ახსენებს რუსეთს, გულისხმობს ზოგად სიტუაციას და პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას. აქედან გამომდინარე, სააგენტო პირველის ნიუსის სათაური არაზუსტი და შეცდომაში შემყვანია. ჟურნალისტური ეთიკის პირველივე პრინციპი კი საზოგადოებისთვის სიმართლის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
მანიუპულაციური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი იყო სააგენტო პირველზე 5 მარტს გამოქვეყნებული სტატიის - „ლტოლვილთა ბანაკების ევროკავშირიდან საქართველოში გადმოტანა ტერორიზმის საფრთხეს გაზრდის“ და 23 მარტს სტატიის - „საკონსტიტუციომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ რელიგიურ უმცირესობათა სარჩელი მიიღო“ სათაურებიც. აღნიშნულ შემთხვევებზე მედიის განვითარების ფონდმა მარტის თვეში ორი დამოუკიდებელი მასალა მოამზადა. პლატფორმა მითების დეტექტორი წერდა, რომ “ევროკავშირ-საქართველოს შორის ლტოლვილთა განთავსების ვალდებულება არ განიხილება”, მედია METER-ი კი სტატიაში - “მარშალპრესმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის შესახებ მანიპულაციური სათაური გამოაქვეყნა” რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული მანიპულაციური სათაურის შესახებ საუბრობდა, სადაც სააგენტო მარშალპრესთან ერთად სააგენტო Pia.ge-ზეც იყო საუბარი.
რამდენიმე მაგალითიც საკმარისია, იმისათვის, რომ ნათლად გამოჩნდეს რა ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის ჟურნალისტის მიერ უნებლიედ, დაუფიქრებლად თუ ნაჩქარევად დაშვებულ შეცდომას. სწორედ ამიტომ, მედია თავად უნდა იყოს დაინტერესებული ჟურნალისტური თუ მედია სტანდარტების დაცვითა და პატივისცემით.
თამარ გაგნიაშვილი