IPN-ის სათაურიდან “სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი” გაქრა
ფოთში პალმის ხის გადამზიდი სატვირთო მანქანის ძარის გადაბრუნებასთან დაკავშირებით მასალა IPN-მა 18 მაისს თავდაპირველად შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ფოთში ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხება სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის პალმის ხით...“. მოგვიანებით გამოცემამ სტატიის სათაურის შეცვალა „პალმის ხე, რომელიც, სავარაუდოდ დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, ტრანსპორტირებისას წაიქცა“, ხოლო იმის შესახებ, რომ ხე „გავრცელებული ინფორმაციით“ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ახალი ამბის ბექგრაუნდში აღინიშნა და შესაბამისად, სათაურიდან “სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი” გაქრა.
საგულისხმოა, რომ მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ონლაინ მედიაში საბიუჯეტო კონტრაქტების მხივ „პალიტრა მედია“ ჰოლდინგი ლიდერობს, რომლის შემადგენლობაშიც ონლაინ გამოცემა IPN-იც შედის. მაგალითისთვის 2016 წელს საბიუჯეტო რეკლამის და საინფორმაციო მომსახურებისთვის ჰოლდინგმა IPN-მა და მასთან დაკავშირებულმა სხვა მედიასაშუალებებმა 406 418 ლარი მიიღეს.