GDS-ს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ფინანსური ანგარიში არ წარუდგენია

9 აგვისტო, 2016 | ფინანსური გამჭვირვალობა

ტელეკომპანია GDS-ს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის 2016 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური ანგარიში არ წარუდგენია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც GDS კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებას არღვევს.

ტელეკომპანია ,, ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს შემოსავლები- 2016 წლის I და II კვარტალი

,,მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70(4) მუხლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ფინანსური ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმები უნდა ასახავდეს ფინანსური ინფორაციას მაუწყებლის მიერ რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან, სხცადასხვა მომსახურებიდან და მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.  

კანონის შესაბამისად, ტელეკომპანია GDS-ს   მეორე კვარტლის   შემოსავლების თაობაზე ფინანსური დეკლარაცია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიითვის  2016 წლის 15 ივლისამდე უნდა წარედგინა. კომუნიკაციების კომისიის ელექტრონულ ბაზაში GDS-ის ფინანსური ანგარიშგების ფორმები 9 აგვისტოს მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით 29 ივლისს ,,მედიის განვითარების ფონდმა" (MDF) კომისიას წერილით მიმართა და ტელეკომპანია GDS-ის მიერ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის GDS-ის მხრიდან კანონით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშვალდებულების დარღვევის პირველი შემთხვევა. ტელეკომპანიამ 2015 წლის მე-4 კვარტლის ანგარიშიც დაგვიანებით, კომუნიკაციების კომისიისათვის MDF-ის მიმართვის შემდეგ წარადგინა.