თავდაცვის ყოფილი მინისტრი “მაესტროს” 12,5% წილზე პრეტენზიას აცხადებს

1 სექტემბერი, 2016 |

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას ტელეკომპანია მაესტროს 12,5% წილი არაფორმალურად ეკუთვნის. ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ 31 აგვისტოს ისაუბრა.
 
როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ მან თავის წილზე პრეტენზია იურიდიულად განაცხადოს. ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია ამჟამად ვინ ფლობს მის წილს ტელეკომპანიაში, თუმცა აღნიშნა, რომ მან „მაესტროში“ პირდაპირ ან ეროსი კიწმარიშვილის საშუალებით „დიდი რაოდენობის თანხა“ ჩადო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს.


2016 წლის მდგომარეობით, შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორების წილთა გადანაწილება ამგვარად გამოიყურება: გიორგი გაჩეჩილაძე 55%, მამუკა ღლონტი 15%, ეკატერინე აკობია 5% და მაკა ასათიანი 25%.


2009 წელს შპს „სტუდია მაესტროს“ სამწლიანი ხელშეკრულება კომპანიის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან“ ჰქონდა გაფორმებული, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი იყო.


თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ეროსი კიწმარიშვილთან და მაესტროს დამფუძნებელ ლევან გაჩეჩილაძესთან, ასევე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან და არხის მეწილის მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიასთან პარტიული ურთიერთობებიც აკავშირებდა. 2010 წლის ოქტომბერში მათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პარტია“ დააფუძნეს, რომლის მიზნად თავის დროზე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დასახელდა.