ფაქტობრივი სიზუსტისა და მიკერძოებულობის პრობლემა იმედის სიუჟეტში
17 ივნისს ტელეკომპანია „იმედმა“ გააშუქა "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები იმის შესახებ, რომ იმ 2 პირს (გიორგი გიგაური, ვლადიმერ გეგეშიძე), ვინც ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 22 მაისის შუალედური არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდა და ხულიგნობის მუხლით ბრალდებული იყო, “კალა კაპიტალმა” და კრიმინალურმა ავტორიტეტმა “კალატოზამ ანგარიშზე 35 000 აშშ დოლარი ჩაურიცხეს. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, გადარიცხვა “ალფა ბანკის” მეშვეობით მოხდა, რის მტკიცებულებადაც მათ პრესკონფერენციაზე დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, გადარიცხვის ფაქტს ადასტურებდა.
როგორც იდენტურ თემაზე ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” მიერ მომზადებული მასალიდან ირკვევა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ფინანსური გადარიცხვის სქემა, რომლის სათავეში კრიმინალურ ავტორიტეტ “კალატოზასთან” ერთად კახი კალაძეც ფიგურირებს. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, ამავდროულად “კალა კაპიტალის” დამფუძნებელი და პარტნიორია.
იმედის სიუჟეტში კახი კალაძე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებების ადრესატი, საერთოდ არ ფიგურირებს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის შესახებ ბრალდებები გამოტოვებულია. სიუჟეტში არც ის არის აღნიშნული, თუ რა კავშირებია “კალა კაპიტალსა” და ვიცე-პრემიერს შორის. მასალაში აქცენტი გადატანალია თავად ბრალდებების უარყოფაზე. პოლიტიკოსების შეფასების გარდა, წარმოდგენილია კალა კაპიტალის წერილობითი განცხადება, ასევე ალფა-ბანკის მიერ სააგენტო 20/30-ისთვის გაკეთებული კომენტარი, რომლის თანახმადაც გამოქვეყნებული დოკუმენტები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის გაყალბებული.