ასპონსორებს თუ აფინანსებს ჩინეთის საელჩო გადაცემას “ობიექტივზე”?

19 თებერვალი, 2026 | ფინანსური გამჭვირვალობა

მაშინ, როცა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო სათემო მაუწყებლებსა და ტელე “ფორმულას” კანონმდებლობის დარღვევას ედავება, ჩინეთის საელჩო საქართველოში ტვ “ობიექტივის” ეთერში გადაცემის “ჩინეთის პანორმა” დაფინანსებას კვლავ აგრძელებს. 

“ობიექტივი”, რომელსაც ჩინეთის საელჩოსგან გადაცემის განთავსებისთვის დაფინანსება მე-2 კვარტალში აქვს მიღებული, იდენტური შემოსავალი მე-4 კვარტალშიც უფიქსირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალის თანახმად, 2025 წლის მე-4 კვარტალში ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავალი 25,305 ლარს შეადგენდა, საიდანაც 12,605 ლარი მფლობელის, ირაკლი ცილიკიშვილის შემოწირულებაა, 12,700 ლარი კი - ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი. 


 

 

ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე კატეგორიაში “7000 ლარს ზემოთ დაფინანსება” “ობიექტივს” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება და სპონსორობა აქვს მითითებული; ხოლოს დაფინანსების წყაროების შესახებ კატეგორიაში - მხოლოდ სპონსორობა. 

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, 2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს უცხოური ძალებისგან დაფინანსების  მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა, ეკრძალებათ. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

“ობიექტივის” გამგეობის თავმჯდომარის, ირაკლი ცილიკიშვილის განმარტებით, ჩინეთის საელჩოსგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ სპონსორობის თანხაა და გადაცემის განთავსების კატეგორიის დამატება შესაძლოა, ბუღალტრის შეცდომაა. მისი თქმით, ჩინეთის საელჩო გადაცემა “ჩინურ პანორამას” ასპონსორებს, რაც კანონით დაშვებული გამონაკლისია. 

კატეგორიაში “7000 ლარს ზემოთ დაფინანსება” “ობიექტივს” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება 2025 წლის მე-2 კვარტალშიც აქვს მითითებული, როცა მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება უკვე აკრძალული ჰქონდათ

მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების კომისიას მიმართა შეკითხვით დაიწყო თუ არა ტელეკომპანია “ობიექტივის” მიერ უცხოური ძალის დაფინანსების მიღების და, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის შესწავლა ან გეგმავს თუ არა ფაქტზე რეაგირებას. მარეგულირებლის პასუხში ნათქვამია, რომ მაუწყებლის მიერ შევსებული ფორმების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაუწყებლისგან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

2025 წელს “ობიექტივის” Youtube არხზე “ჩინური პანორამას” სულ 31 ჩანაწერია ხელმისაწვდომი. აქედან 10 ჩანაწერი მე-4 კვარტალში, 6 კი - მე-2 კვარტალში. 

გადაცემათა ციკლი “ჩინური პანორამა” დაახლოებით 50-წუთიანია და ჩინეთის დროშისა და რუკის ფონზე წამყვანისა და მოწვეული სტუმრის ფორმატში გადის. მისი ძირითადი წამყვანი ბადრი ნაჭყებია, ხოლო პერიოდულად კი  ბორის მანჟუკოვია. 

ჩინეთის საელჩოსგან მიღებულ დაფინანსების შესახებ მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თემას 2025 წლის 14 ოქტომბრის ეთერში, წამყვანი ბადრი ნაჭყებია გამოეხმაურა:

“პრესაში გამოჟონა, რომ ჩვენ გარკვეულწილად რაღაც დახმარებებს გვიწევს ჩინური საელჩო. ეს იცით რა არის? ფაქტები რომ იყო მოტანილი ელემენტარულ ფინანსურ წყაროზე, ალბათ, გაეცინათ, პირველი რეაქცია იყო, ისეთ თანხაზე იყო ლაპარაკი, სადაც დღეს უბრალოდ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ თვეში ერთ თანამშრომელს უნაზღაურებენ ამას. რასაკვირველია, გარკვეული სტრუქტურები სიმბოლურად, ეს საელჩო იქნება თუ დავუშვათ კერძო პირი, რაღაცა შეიძლება დაგვეხმაროს, მარა ეს აბსოლუტურად ზღვაში წვეთია, ეს გადაცემა კეთდება უანგაროდ, ჩვენი ინიციატივით და პრაქტიკულად მას არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს.”  

გადაცემათა ციკლი ჩინეთის ეკონომიკასა და პოლიტიკას, ასევე, მის როლს გლობალურ მოვლენებში პოზიტიურად წარმოაჩენს. 2025 წლის 7 ოქტომბერს გადაცემა ეთერში განსხვავებული ფორმატით გავიდა. წამყვანის თქმით, ეთერი იაპონელ მილიტარისტებზე ჩინეთის გამარჯვებას მიეძღვნა და გადაცემის დიდი ნაწილი, 36-წუთიან დოკუმენტურ ფილმს დაეთმო


 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური პორტალის თანახმად, მაუწყებლების დაფინანსების წყაროებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო პირველად 2023 წელს, მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის დაფინანსების წყაროებში გამოჩნდა. 2024 წლის მე-2 კვარტალში ჩინეთის საელჩომ 15 630 ლარის, ხოლო ამავე წლის მე-4 კვარტალში 12 000 ლარის რეკლამა „ობიექტივში” განათავსა. კომუნიკაციების კომისიის პორტალზე 2025 წლის 1-ელ და მე-3 კვარტალში ჩინეთის საელჩო “ობიექტივის” დაფინანსების წყაროებში მითითებული არ არის, თუმცა ამ პერიოდით დათარიღებული გადაცემები ატვირთულია მაუწყებლის Youtube არხზე. 

კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწვეტილებების თანახმად, 2025 წლის 1 ივნისიდან მარეგულირებელმა “ობიექტივის” საქმიანობასთან დაკავშირებით ორი საქმე განიხილა, თუმცა არც ერთი მათგანი უცხოური დაფინანსებით გადაცემის განთავსებასთან დაკავშირებული არ ყოფილა. ამავდროულად, კომისიამ ტელე და რადიომაუწყებლები დასავლური შემოსავლების მიღების გამო გააფრთხილა. 

22 იანვარს. მარეგულირებელმა  „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, რომელიც სათემო რადიო “მარნეულის” სახელით ოპერირებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების გამო  წერილობით გააფრთხილა. მარეგულირებლის თანახმად, მან 2025 წლის III კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იურიდიული პირისგან - „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიიღო და ის არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება. 

იქამდე, 9 ოქტომბერს, იმავე მიზეზით, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები  „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის - „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული.

მარეგულირებლის განცხადებაში რადიოსადგურების შემოსავლის წყაროები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში „რადიო ნორმა“ დაფინანსება მიიღო ბელგიიდან (European Endowment for Democracy) და დანიიდან (International Media Support - IMS), „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ - გერმანიიდან (DEUTSCHE WELLE ANSTALT DESOEFFENTLICHEN RECHTS), ხოლო „სისტემა გამამ“ -  მე-3 კვარტალში საფრანგეთიდან (World Media of France).

არქივი: https://archive.ph/KJHya